ქ. ახალციხეში სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაათვალიერა.
ამავე უწყების ინფორმაციით, ახალი სპორტული კომპლექსი მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებს.
თითოეულ დარბაზსა და აუზს აქვს საკუთარი გასახდელები და საშხაპეები. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს სივრცეებს ღია კაფესა და სპორტული ინვენტარის მცირე მაღაზიისთვის.
სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი. სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოების 90% დასრულებულია, მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების გამართვა და მონტაჟი. წლის ბოლოს სპორტკომპლექსი გადავა სატესტო რეჟიმზე და მზად იქნება შემდგომი ექსპლუატაციისთვის.
,,მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომპლექსი ხელს შეუწყობს სხვადასხვა სპორტული სახეობების განვითარებას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დარბაზებში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ტურნირების გამართვა“, – აღნიშნა მინისტრმა.
სპორტული კომპლექსის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.