რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. მისი ღირებულება 1.3 მილიონი ლარია.

„ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყო სათამაშო მოედნები.
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას.

მუქედის საბავშვო ბაღის მშენებლობა ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს.
ჯამში, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი 2024-2025 წლებში, იმერეთის რეგიონში 13 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 11 ბაღის რეაბილიტაციას დაასრულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.