„აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„ეს ევროპარლამენტის უკვე მესამე რეზოლუციაა, რომლითაც ცალკეული ძალები ევროკავშირის ოფიციალურ ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისთვის და პირადი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ – ადამიანზე, რომლის წვლილიც განმსაზღვრელია იმაში, რომ მუდმივად ომის ქარცეცხლში გახვეული საქართველო უკვე წლებია, ინარჩუნებს მშვიდობას და არ გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ადგილი. ამასთან, როგორც ჩანს, რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.