“ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თამარ კორძაია, ეთანხმება ევროპარლამენტის რეზოლუციის ყველა პუნქტს, მათ შორის, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რომლის შედეგადაც, საქართველოს ეკონომიკა 14.5 მილიარდი ლარით შემცირდებოდა, პურისა და ფქვილის ფასი 19%-ით გაიზრდებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად კი ქვეყანა 11 პროცენტიან ვარდნას მიიღებდა.
აღნიშნულის შესახებ, კორძაიამ რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა პუნქტი ასახავს საქართველოში არსებულ უმძიმეს ვითარებას. მისივე თქმით, რეზოლუციით დასტურდება, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, მათ შორის ნომერი პირველი კი მიხეილ სააკაშვილია.
“ყველა მიმართულებით ვიზიარებთ რეზოლუციას. ყველა პუნქტი ასახავს სრულად იმ უმძიმეს ვითარებას საქართველოში, რაც ანადგურებს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და რაც ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი არის ნომერი პირველი პოლიტიკური პატიმარი”, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.