“BBC-ი”: „სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი ბრიტანეთში მაინც ხვდება“

120

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, მილიონობით ბარელი რუსული ნავთობი კვლავ შედის დიდ ბრიტანეთში. ინფორმაციას “BBC-ი” ორ დამოუკიდებელ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი დასავლური ქვეყანა, რომელმაც რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა, თუმცა როგორც გამოცემა მოპოვებული დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, ნავთობგადასამუშავებელი რეგულაციებში არსებული ხვრელები იმის საშუალებას იძლევა, რომ რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებულ პროდუქტებს ბრიტანეთში მოხვდეს.

 

„ეს „ხარვეზები“ იმას ნიშნავს, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი, რომლებსაც კრემლისთვის სანქციები არ დაუწესებიათ, რუსული ნავთობის რეგულარული იმპორტი და მისი გადამუშავება შეუძლიათ ისეთ ნავთობპროდუქტებად, როგორიცაა თვითმფრინავის საწვავი და დიზელი“, – წერს “BBC-ი” ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრზე (CREA) დაყრდნობით.

 

როგორც გამოცემა წერს, ამის შემდეგ, ეს სახელმწიფოები ამ პროდუქციის ექსპორტს ბრიტანეთსა თუ ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებენ.

 

CREA-ს ანგარიშის მიხედვით, შედეგად, იზრდება მოთხოვნა რუსულ ნავთობზე, რაც ზრდის კრემლის შესაძლებლობებს, მეტი სახსრები მიმართონ საბრძოლო პოტენციალის გაუმჯობესებისკენ.

 

“BBC-ის” ასევე მოჰყავს Global Witness-ის კვლევა, რომლის შეფასებითაც, 2023 წლის განმავლობაში ბრიტანეთში რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული დაახლოებით 5.2 მილიონი ბარელი ნავთობპროდუქტი მოხვდა იმპორტის გზით.

 

„იმპორტირებული საწვავის უმეტესი ნაწილი – 4.6 მილიონი ბარელი მოდის საავიაციო საწვავზე, რომელიც ბრიტანეთში ყოველი მე-20 ფრენის დროს გამოიყენებოდა“, – ნათქვამია კვლევაში.

 

გამოცემას, ასევე, მოჰყავს CREA-ს ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის დეკემბრიდან, რუსული ნავთობის შემოტანაზე აკრძალვის დაწესებიდან პირველი 12 თვის განმავლობაში, 1 ქვეყანაში რუსული ნავთობისგან დამზადებული 569 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ნავთობპროდუქტი შევიდა.

 

ორივე ანგარიშის მიხედვით, ამ ე.წ. ხარვეზის საშუალებით, კრემლმა ირიბად მიიღო 100 მილიონ ფუნტზე მეტი საგადასახადო შემოსავალი.