მუხიანის დასახლებაში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქი აშენდება

მუხიანის დასახლებაში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქი აშენდება.
პროექტთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისუაბრა.

„2017 წელს, ჩვენს ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაში გაჟღერებული გვქონდა, რომ მუხიანის დასახლებაში, ყოფილ რადიოქარხნის ტერიტორიაზე მოხდებოდა კარგი პროექტის განხორციელება, ამ არეალის განვითარება. გვქონდა ასეთი პროექტი – რადიოქალაქი, რომელიც ბევრი მიმართულებისგან შედგებოდა. იქ იყო კაფეები, ბარები, შემეცნებითი, მოსასვენებელი და სპორტული სივრცეები.
2019 წელს გამოვაცხადეთ აუქციონი, სადაც გამარჯვებული კომპანია იყო შპს „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელიც „აჭარა ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. დავდეთ ხელშეკრულება, აღნიშნულ კომპანიას საკუთრებაში გადაეცა ეს არეალი, რაშიც 23 მილიონზე მეტი გადაიხადა და, რა თქმა უნდა, თან აქვს ვალდებულებები, თუ რა უნდა გაკეთდეს. აღნიშნული ტერიტორია, დაახლოებით, 12 ჰექტარია. პროექტის ჯამური ინვესტიციაა 90 მილიონი ლარი, საიდანაც უკვე 43 მილიონი დახარჯულია.
აღნიშნული პროექტი შედგება სამ ეტაპად.

დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პროექტის პირველი ნაწილი უკვე დასრულებულია. მომდევნო დღეების განმავლობაში შესაძლებლობა გვექნება, ადგილზე მივიდეთ და დავათვალიეროთ. რადიოქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200 -ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წარმოებას, რაც შექმნის მრავალ შესაძლებლობას, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისათვის. მის უნიკალურობას განაპირობებს ისიც, რომ თბილისის გარეუბანში ქმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რადიოქალაქი გახდება ტექნოლოგიური სტარტაპების, საგანმანათლებლო პროგრამების, კომპანიების – ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თავშეყრის ადგილი. პროექტის განხორციელება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს შორის ახალი კავშირებისა და ცოდნის მიმოცვლას.

როგორც აღვნიშნე, პირველი ფაზა რამდენიმე დღეში დასრულდება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ტერიტორიის ნაწილი, რომელიც რეკრეაციულ, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და სპორტულ სივრცეებს აერთიანებს. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო D ბლოკის სამუშაო სივრცე, რესტორანი და პადელის მოედნები.

ჩვენ მივესალმებით ასეთი პროექტების განხორციელებას. მთლიანად, სამუშაოები 2025 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს დამთავრებული.

კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს სივრცე იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი. მუნიციპალიტეტი მიესალმება პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა კალაძემ.