ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტალის მე-12 კორპუსის მობინადრეები ძალიან მალე ახალ ბინებში დაბრუნდებიან.

“საუბარია 36 ოჯახზე. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გარემონტებული ბინები გადაეცემა 21 მოსახლეს, ხოლო დანარჩენი 15 მოსახლე გარემონტებული ბინით მომდევნო ერთ თვის განმავლობაში დაკმაყოფილდება.

ამ მისამართზე იდგა ავარიული, 4-სართულიანი შენობა, განვახორციელეთ მისი დემონტაჟი და, მის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებელი სახლი აშენდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროგრამა გრძელდება და მუნიციპალიტეტი მოსახლეობას გვერდით მაქსიმალურად დაუდგება.

„როგორც იცით, მანამდე ისეთი შენობა-ნაგებობების გამაგრების სამუშაოებს ვახორციელებდით, რომლებიც საცხოვრებლად საშიში იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ პრობლემა ჩნდებოდა. 2021 წლის არჩევნებზე ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ წარმოვადგენდით პროგრამას, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, ეტაპობრივად ჩაგვენაცვლებინა ავარიული შენობა-ნაგებობები ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით. ამ პროგრამამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. უკვე გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები. პროექტები სხვადასხვა ეტაპზეა – ზოგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსახლეობასთან, ზოგან გაცემულია ნებართვები და სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება, ზოგიერთი პროექტი კი ნებართვის მიღების ეტაპზეა. ყველას გვერდით დავუდგებით. გვინდა, რომ თბილისის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი ავარიული შენობა-ნაგებობა ჩავანაცვლოთ ბიზნესის ხელშეწყობით და იქ მცხოვრებლებს მივცეთ საშუალება, იცხოვრონ ახალ, გარემონტებულ, მოწესრიგებულ სახლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.