საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ქართული ავიაციის ინჟინერი თემურ მაისურაძე ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსს ეხმაურება, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ბრალდებებს უყენებს.

„ყური მოვკარი ანონსს, რომ დღეს, ნოდარ მელაძესთან, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, თურმე, აპირებს, „ფარდა ახადოს“ მრავალ საიდუმლოს!

არ ვიცი, რის თქმას აპირებს, მაგრამ ერთი დეტალი მინდა შევახსენო ბატონ გიორგის:

2014 წელს, ერთ-ერთი ძალიან ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის (მართვადი გამჭვირვალობის მინები, რომლის პატენტიც ვრცელდებოდა ევროკავშირში, ევრაზიის მთელ რეგიონში და აშშ-ში), წარმოების დაწყების საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც თან მოჰყვებოდა გერმანიის ჰელბერტ შტატის გუბერნატორის გრანტი, 12-მილიონიანი თანადაფინანსებით, ჩემ თვალწინ დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა და სთხოვა გიორგი ბაჩიაშვილს, რომ შემხვედროდა და დაგვეწყო გერმანიასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით.

ქართველი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კარგად მიცნობს, იცის, რომელ გამოგონებაზეა საუბარი და ისიც იცის, რომ ამ საქმეში მე დილეტანტი არ ვარ, და ვიდრე გიორგი ბაჩიაშვილი დაიბადებოდა, საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიაში კინაღამ მისი დღევანდელი ასაკის გამოცდილება მქონდა.

მთელი ერთი თვის განმავლობაში ჩემთვის კარგად ცნობილი “დაბოლების” მეთოდების გამოყენების შემდეგ, უარით დაასრულა ერთ-ერთი ძალიან ინოვაციური და პერსპექტიული პროექტის ბედი, რადგან ვერ გამოკვეთა პირადი ინტერესი.

სიმართლე გითხრათ, მართლა ძალიან მაინტერესებს, ნეტავ, რა მოახსენა ბიძინა ივანიშვილს ამ ბაჩიაშვილმა ჩემზე და იმ პროექტზე, რომელიც ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნიდა და, მაღალტექნოლოგიურ სექტორში, საქართველოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილს დაუმკვიდრებდა საერთაშორისო ბაზარზე.
ღმერთმა იცის, ამ ტიპმა კიდევ რამდენი მსგავსი და ბევრად უკეთესი პროექტი დაუმარხა ჩვენს ქვეყანას“, – წერს სოციალურ ქსელში თემურ მაისურაძე.