„საარჩევნო სისტემა იმდენად გამჭვირვალეა, რომ სამართლიანობასთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩება“, – ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე მედიასთან საქართველოში არსებული წინასაარჩევნო პროცესი.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია თავად აღიარებს, რომ არჩევნები ვერ გაყალბდება.

„ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი, რომელსაც მდიდარ ენჯეოებს ვუწოდებთ და რომლებიც, პრაქტიკულად, აგენტურას წარმოადგენენ – ანუ იმართებიან უცხოეთიდან და შერწყმულები არიან ქართულ რადიკალურ ოპოზიციასთან – არიან საარჩევნო და კერძოდ, სადამკვირვებლო პროცესის ჩვეულებრივი გამყალბებლები. ამისი მკაფიო მაგალითები გვაქვს, თუნდაც, 2018 წლის არჩევნებზე, როცა აბსოლუტურ ტყუილებს და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს რამდენიმე ათასი ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა, რათა არჩევნები გაყალბებულიყო;

ან 2020 წლის არჩევნები, როცა ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” ხმების პარალელური დათვლა გააყალბა და გამოაცხადა, თითქოს პირიქით, 4%-ით გაყალბდა არჩევნები ცესკოს მიერ. რაც მთავარია, ამ დეზინფორმაციის შესახებ ძალიან კარგად იცოდა მათმა დონორმა USAID-მა და სავარაუდოდ, აშშ-ის საელჩომაც და პირადად ელჩმა დეგნანმაც. შესაბამისად, ამ სიყალბით ცდილობდნენ რევოლუციის მოწყობას, ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათ მიმართ ნდობა არის მინიმალური.

რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ბევრი მათგანი პოლიტიკოსია და მიკერძოებულობის გარკვეული ხარისხი აქვს, თუმცა, ასევე, ბევრი მათგანი აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მაღალი პროფესიონალიზმის და ნდობის მქონე ადამიანია. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მეორე ნაწილის შეფასებები ობიექტური იქნება. გარკვეული ნაწილი კი პოლიტიკურ შეფასებებს გააკეთებს, თუმცა, არ მგონია, ამან შიდა პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზული ზეგავლენა იქონიოს.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, საარჩევნო პროცესი იმდენად გამჭვირვალეს, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩება. თავად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი ტელევიზიებიდან მუდმივად აცხადებენ, რომ ეს არის ისეთი საარჩევნო სისტემა, სადაც გაყალბება წარმოუდგენელია. მართალია, მათი მიზანი სხვაა და ამით ცდილობენ, რომ თავიანთი ამომრჩევლის მუხტი აწიონ, მაგრამ ხვალ მათსავე წინადადებებს თავად ავაფარებთ თვალებზე, როცა დაიწყებენ ლაპარაკს, რომ არჩევნები გაყალბდა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.