“მოვუწოდებ „ნაცმედიის“ წარმომადგენლებს – ნუ დასდევენ კოორდინატორებს. ისინი ხელს უშლიან ამომრჩევლის მობილიზებაში, რაც არის ზემოქმედება საარჩევნო შედეგის შეცვლის მიზნით, – განაცხადა ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები დასდევენ ჩვენს კოორდინატორებს იმ მიზეზით, რომ მათ აქვთ სია. მეგობრებო, უნდა გავიგოთ, ბოლო-ბოლო, რომ სიის ქონა არ არის არანაირი დანაშაული. პირიქით, მოვუწოდებ, რომ ჩვენი მომხრეების სიები, რომლებიც მათ შედგენილი აქვთ ჩვენი (პირადად ჩემი, მათ შორის) მითითებების, თხოვნის თუ დავალებების საფუძველზე (ჩვენს აქტივზე მაქვს საუბარი), შესაბამისად უნდა ჰქონდეთ, დიახ, ჩვენს აგიტატორებს, ჩვენს კოორდინატორებს და მათ უნდა უზრუნველყონ ამით, ამ სიის შესაბამისად ამომრჩევლების მიყვანა. ეს არის ლეგიტიმური საქმიანობა.

რატომღაც, სულ მალავენ ამ სიებს; რატომღაც, სულ გაურბიან „ნაცზონდერებს“, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ: ერთ-ერთი დავალების მიმცემი თუ თხოვნის გამხმოვანებელი (შიდა სტრუქტურულ სიტუაციაზე ვამბობ; პარტიულ სტრუქტურაზე ვამბობ) მეც ვარ როგორც აღმასრულებელი მდივანი. ჩემი უშუალო დავალებითაც ხდება ის, რომ ხდება ამომრჩევლის მობილიზება, სრულიად ვიღებ ამაზე პასუხისმგებლობას და სრულიად იღებს პარტია „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას, რომ აქვს მილიონზე გაცილებით დიდი სია. ეს თუ კოორდინატორს აქ ექნება ხელში, მე ხომ არ შევეხმიანები მილიონზე მეტ ამომრჩეველს? მილიონზე გაცილებით დიდი სიაა და ისინი ეხმიანებიან, უზრუნველყოფენ მათ გამოცხადებას; ზოგ შემთხვევაში სთხოვენ; ზოგ შემთხვევაში ტრანსპორტირებასაც კი სთავაზობენ, თუ ის ვერ ახერხებს საარჩევნო უბანზე დროულად მისვლას. ეს არ არის დარღვევა. ყველას შეუძლია საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების უზრუნველყოფა და ეს არის ლეგიტიმური საქციელი.

ვთხოვ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას, ასევე ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებელს, რომ დააფიქსირონ ეს ფაქტები, როგორ დასდევენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, „ნაცმოძრაობის“ მედია საშუალებები, ჩვეულებრივი ზონდერები ჩვენს კოორდინატორებს, ამუნათებენ სიის ქონაზე, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.