თერჯოლაში იუსტიციის სახლი გაიხსნა. იუსტიციის სახლის 123-ე ფილიალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანმა გახსნეს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, თერჯოლის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის 500-ზე მეტ სერვისს.

„თერჯოლის იუსტიციის სახლში განთავსებულია სპეციალური სივრცე ქორწინების საზეიმო ცერემონიისათვის. ფილიალი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. ახალ იუსტიციის სახლში 15-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული.

ფილიალში განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, რასაც საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. 2028 წლისთვის მათი რიცხვი 133-ს მიაღწევს, რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, 90 სოფელში ემსახურება ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“.

უშუალოდ იმერეთის რეგიონში 26 იუსტიციის სახლია, მობილური იუსტიციის სახლი კი რეგიონის 15 სოფელს ფარავს. იუსტიციის სახლი ქუთაისის №6 პენიტენციურ დაწესებულებაშიც ფუნქციონირებს. ფილიალების მუშაობა ციხის ტერიტორიაზე ქართული ინოვაციაა და მას ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აქვს.

იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.