„2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო მაღალ დონეზე ადმინისტრირებული. დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა, იმდენად უმნიშვნელოა, რომ გავლენას არ ახდენს არჩევნების საერთო შედეგებზე“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
„კოლექტიური დასავლეთი, დიდი ძმა ყურის აწევის პოლიტიკით გვესაუბრება – მაშინ, როცა, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო ტრამპის მომხრეთა აქციაზე (ე.წ. კაპიტოლიუმის შტურმი) რეაგირება, პროტესტანტებთან დიალოგის ნაცვლად, იყო რეპრესიები პირდაპირი მნიშვნელობით (როგორც რეალურ, ისე ციფრულ გარემოში): პოლიციელმა მოკლა კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე ეშლი ბებიტი, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა, გატეხილი მინის ქვეშ გამძვრალიყო.
ტეხასელ გაი რეფიტს 7 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა ბრალდებით, რომ თან ჰქონდა იარაღი, ხოლო დემონსტრანტებს მოუწოდებდა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისაკენ; პენსილვანიელ დემონსტრანტს, იმის გამო, რომ პოლიციელს სკამი ჩაარტყა და პოლიციელების წინ წიწაკის სპრეი გააფრქვია, 14 წლით პატიმრობა მიესაჯა და ა.შ. ეს არ არის სრული ჩამონათვალი. აი, ასეთი სამართალი აქვს კოლექტიურ დასავლეთს და, ამ დროს, ჩვენ, მართლაც სამართლიან პროცესებზე თვალში თითს გვთხრიან!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.