„უკვე ექვსი დღე გავიდა არჩევნების შემდეგ და, მაგალითად, “სამართლიან არჩევნებს” დღემდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომელიც მათ შექმნეს“, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
“ჯერჯერობით, გავიგეთ მხოლოდ ის, რომ მათი პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერთი-ერთში ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, მაგრამ იქ არის უამრავი დეტალი, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ისინი სჩადიან უპრეცედენტო რამეს, – წინა შემთხვევისგან განსხვავებით, არ აქვეყნებენ თავიანთ მონაცემებს. წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ – მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც, – როდესაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ჯერ ყალბდება წინა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში კი საერთოდ არ ქვეყნდება, იმიტომ, რომ ასე მიაჩნიათ, თურმე”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.