ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შევხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მომილოცა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე.
აღვნიშნე, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ასევე ვისაუბრეთ სექტორულ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე.
სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოვიწვიე”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.