თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აეროპორტის გზის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე ხეივანს აწყობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მცხოვრებ ადამიანებს, რადგან კარგი თანამშრომლობა შედგა. აქ იყო ავტოფარეხები, რაც პრობლემას წარმოადგენდა ამ სივრცისთვის. ასევე, მიმდებარე კორპუსის შემოღობილი ტერიტორიები მთლიანად გასუფთავდა, ავტოფარეხებიც დაიშალა და ეს ტერიტორია მთლიანად პარკისთვის იქნება გამოყენებული.
გაზაფხულზე დავასრულებთ სამუშაოებს. ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა და ძალიან მიხარია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება მწვანე სივრცე დასვენებისა და ვარჯიშისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე.
თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები 1,1 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ორი საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემები და პარკინგი მოეწყობა. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები; ტერიტორიაზე შეტანილი იქნება ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
პროექტის ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს.