„ივერთუბნის დასახლებაში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა სრულად მოწესრიგდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
“აღსანიშნავია, რომ ივერთუბანში საერთოდ არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით ამ პრობლემის მოგვარებას და პროექტის განხორციელება 2022 წელს დავიწყეთ. თავდაპირველად, წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა განხორციელდა, რაც დასახლების რელიეფიდან გამომდინარე, ქსელების გამართული მუშაობისთვის გახდა საჭირო. პარალელურად, იმავე წელს, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. ჯამში, დასახლებაში, 32 ქუჩაზე მოეწყო წყალარინების ქსელი, რომელზეც 1 000-მდე ოჯახი დაერთდა. ასევე, ახლახან დასრულდა საგზაო სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ხერხეულიძეების ქუჩასთან, 6 400 კვ.მ ფართობზე სკვერი მოეწყო”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში განხორციელებული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ლარით დაფინანსდა.