ქართველი გულშემატკივრები საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის ნახვას 16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც შეძლებენ.

„16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას მასპინძლობს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა. როგორც იცით, აღნიშნული შეხვედრა გაიმართება ბათუმში.

ძალიან ბევრ გულშემატკივარს აქვს მატჩზე დასწრების სურვილი, თუმცა სტადიონის ტევადობა ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ იძლევა.

როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შესაძლებლობა, უქომაგონ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.

მობრძანდით. აღნიშნული სივრცე ყოველმხრივ მოწესრიგებული იქნება. განთავსდება დიდი ეკრანი, სადაც შესაძლებლობა გვექნება, ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.