მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ისევ თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია ხაზარაძის კომპანიის – „იმერეთი გრინერის“ დაზარალებულ ინვესტორებზე და დაკარგულ მილიონებზე. განცხადება უკვე პროკურატურაშია.
ბიზნესმენი, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს, ალექსანდრე ამაშუკელია. მისმა ადვოკატმა განცხადებით პროკურატურას უკვე მიმართა და, როგორც თავად ამბობენ, განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი მოვლენების განვითარება მამუკა ხაზარაძის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანია „იმერეთი გრინერსა“ და, ასევე, მათი გავლენის მყოფ „თიბისი კაპიტალს“ შორის.
ბიზნესმენს დაუკავშირდნენ „თიბისი კაპიტალიდან“ და შესთავაზეს, მის ხელთ არსებული თანხა „იმერეთი გრინერში“ დაებანდებინა, ეყიდა ობლიგაციები. ობლიგაციების შეძენის შემდეგ კი, როგორც ბიზნესმენის ადვოკატი ამბობს, გაირკვა, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და საქმე წინასწარ შემუშავებულ სქემას ეხებოდა, რომლის შედეგადაც ბიზნესმენმა მილიონობით დოლარი დაკარგა და, საბოლოოდ, ვერც ობლიგაციებიდან მიიღო სარგებელი.
„ვიცავ დაზარალებულ ალექსანდრე ამაშუკელის ინტერესებს. მას აქვს მოთხოვნა „თიბისი ბანკის“, „თიბისი კაპიტალისა“ და, კონკრეტულად, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარაძის მიმართ, ზარალის ანაზღაურების – 1 450 000 დოლარის დაბრუნების თაობაზე. ამაშუკელს სთავაზობდნენ საკმაოდ კარგი შემოსავლის სანაცვლოდ შპს „იმერეთი გრინერში“ მის ანაბარზე განთავსებული თანხის დაბანდებას. მოხდა ობლიგაციების შეძენა 1 450 000 დოლარის ოდენობით, თუმცა, მოგვიანებით, აღნიშნული კომპანია – შპს „იმერეთი გრინერი“ გაკოტრდა. გამოვლინდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ამაშუკელს აყიდვინეს ობლიგაციები, კომპანიას უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდა ფინანსური თვალსაზრისით და ამაზე არაერთი აუდიტორიული დასკვნა იყო დადებული. აღნიშნული პირები იყვნენ შპს „იმერეთი გრინერის“ დამფუძნებლები იმ პერიოდში, როდესაც ბატონმა ალექსანდრემ დააბანდა თავისი თანხა.
ჩვენი აზრით, ეს იყო წინასწარ განზრახული გეგმა, რასთან დაკავშირებითაც საკითხს მოიკვლევს და შეისწავლის პროკურატურა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახეზეა თაღლითობა. შესაბამის კვალიფიკაციას პროკურატურა მისცემს. ბატონი ალექსანდრეს მთავარი მოთხოვნაა, აინაზღაუროს მიყენებული ზარალი“,- განაცხადა ადვოკატმა გია ფოლადიშვილმა.
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მედიასთან ამ დრომდე არ ჩნდებიან, თუმცა, ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედს“ წერილობით უპასუხა.
„გამარჯობა, მე არ ვიცნობ ალექსანდრე ამაშუკელს. მასთან არანაირი საქმიანი ან სხვა ტიპის ურთიერთობა არ მქონია და არც მისგან ჩემ მიმართ რაიმე დავის შესახებ ვიცი. „იმერეთი გრინერი“ შეგნებულად გააკოტრა ხელისუფლებამ. ამის გამო 3 წელზე მეტია, შეგნებულად იჟანგება თანამედროვე სასათბურე მეურნეობა სამტრედიაში და ჰოლანდიელმა ინვესტორებმა დაკარგეს მილიონობით ევრო. ეს ნამდვილად ვიცი. დანარჩენი კი „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩემი “გაშავების” მცდელობების ფართო კამპანიის ნაწილია. ჩემი რჩევა იქნება, ამ სიბინძურეში არ გაერიოთ“, – წერს ჯაფარიძე.