ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იმ გავრცელებულ მოსაზრებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს ბარიერის გადალახვაში დაეხმარა.
ანჯაფარიძე 2020 და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგებს ერთმანეთს ადარებს და ხაზს უსვამს „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალურ ვარდნას.
„გადასცა თუ არა “ნაცმოძრაობამ” საკუთარი ამომრჩევლის ხმების ნაწილი მათ სატელიტებს – ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს? შევეცადოთ, მშრალი ციფრებით და ფაქტებით გავერკვეთ, მოხდა ეს თუ არა.
ცოტა ხნით დავუბრუნდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც მხოლოდ “ნაცმოძრაობამ” 27.18% მიიღო. ხოლო “ნაცმოძიდან” გამოყოფილმა პარტიებმა: “ევროპულმა საქართველომ” -3,79%, “ჭიჭე” ვაშაძის პარტიამ – 3,15%, ჯერ კიდევ ერთიანმა „გირჩმა“ კი – 2,89%.
მოვიდა 2024 წლის არჩევნები და ზემოთ ხსენებული პარტიები, თავიანთი ელექტორატით, გადანაწილდნენ ორიგინალ “ნაცმოძრაობასა” და მის ასლს – „კოალიცია ცვლილებებისათვის“ – შორის. შესაბამისად, თეორიულად, ორივე სუბიექტის ელექტორალური რესურსი ჯამურად უნდა ყოფილიყო, დაახლოებით, 37%.
სინამდვილეში! „ნაცმოძი – 1-მა” მიიღო 10.17%, ხოლო „ნაცმოძი – 2-მა“ – 11.03%; სულ – 21,2%(!!!). ანუ სახეზეა დრამატული ელექტორალური ვარდნა ბოლო 12 წლის მანძილზე.
ისმის კითხვა: მართლაც ასეა საქმე? სად წავიდა კოლექტიური “ნაცმოძის” დანარჩენი ელექტორალური რესურსი? არ მივიდა არჩევნებზე? ნაკლებად სავარაუდოა – მათი ელექტორალური ქცევიდან გამომდინარე.
უფრო სავარაუდოა, რომ როგორც საკმაოდ დისციპლინირებული ამომრჩევლები, დაემორჩილნენ პარტიის დირექტივებს, რომ „ახლა ასეა საჭირო“ და, თავიანთი ხმებით, გახარიასა და ხაზარაძის პარტიებს ბარიერის გადალახვაში დაეხმარნენ. როგორც ზემოთ მოყვანილი კალკულაცია გვიჩვენებს, საამისოდ “ნაცმოძს” საკმარისად ჰქონდა ხმების რესურსი“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.