„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე საუბრისას საქმე არ ეხება მათი უფლებების დაცვას – ეს უფლებები დაცულია და ეს გაგრძელდება კიდეც. უბრალოდ, დასრულდა ეს ზეწოლა, რომელიც ჩვენზეც იყო და, სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მხრიდან კვლავ განმეორდა ეს ზეწოლა, როცა მოითხოვეს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

„თუმცა, ეს ადამიანები და ქვეყნის შიგნით ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ურევენ უფლებების დაცვასა და პროპაგანდის აკრძალვას. კანონი სწორედ ამ უკანასკნელს ეხება. ამას სპეციალურად ურევენ, არა იმიტომ, რომ არ ესმით, არამედ სპეციალურად, მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად ამბობენ, თითქოს ლგბტ თემის უფლებების უგულებელყოფა ხდება. სინამდვილეში, საუბარი ეხება ოჯახური ღირებულებების და, რაც მთავარია, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვას, იმიტომ, რომ ამ პროპაგანდამ გამოიწვია უცხოეთში ამ თემის წარმომადგენელთა რიცხვის პროცენტულად არაბუნებრივი ზრდა, რაც ჩვეულებრივ ბიოლოგიურ ვარიაციებს არ ემთხვევა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატმა ისაუბრა კიდევ ერთ კანონზე, რომლის გაწვევაც ევროკავშირის მხრიდან გარკვეულმა ძალებმა გააჟღერეს.

„მეორე კანონი, რომელიც გაწვევასაც ითხოვენ, გამჭვირვალობის კანონია, რომელზეც ვერავინ ასაბუთებს, რატომაა გამჭვირვალობა ცუდი. არადა, 2016 წელს სწორედ ევროკავშირმა შემოგვთავაზა პროექტი, რომელშიც რეკომენდაციად მოცემული იყო მსგავსი კანონის შემუშავება საქართველოში, რათა უფრო ღია ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. 2020 წელს კი, ევროსაბჭოს ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, როგორიცაა „მანივალი“, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მონიტორინგს ახორციელებს, მოგვცა რეკომენდაცია, რომ არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მომხდარიყო.

ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ის რეკომენდაციები, რაც მათ გასცეს, ახლა არ ვარგა. რეალურად კი, განა არ ვარგა, უბრალოდ, ფარულად ვეღარ შეძლებენ იმ საქმიანობის დაფინანსებას, რაც არ შედის საქართველოს ინტერესებში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მავნებლობას სჩადიან და იმიტომ სურთ, რომ დაფინანსება იყოს დამალული.

ასე რომ, მომავალში საქართველოს აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების თვისებრივი გადახედვა მოხდება და ამისათვის საჭირო გახდება კიდევ ერთი მოვლენის დასრულება – ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ძალიან მალე დამთავრდება. ყოველივე ამის შემდეგ, თანაბარუფლებიანი, პარტნიორული და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მართული საგარეო პოლიტიკა იქნება ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.