“ამ ადამიანების მხრიდან სიების ჩახსნაზე საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური თაღლითობა”, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა რატი იონათამიშვილმა.
“რადიკალურ ოპოზიციაში არიან პოლიტიკური თაღლითები, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ თავიანთი მცირერიცხოვანი ამომრჩევლის ინტერესები. ამ საუბრებით მხოლოდ და მხოლოდ იმაში არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ან არიან ძალიან უვიცები, მათ შორის, სამართლებრივად, ან არიან თაღლითები. ან – ორივე ერთად. როგორც ჩანს, უვიცობასთანაც გვაქვს საქმე და პოლიტიკურ თაღლითობასთანაც, მათი მხრიდან”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, “ძლიერი საქართველო” მანდატების დატოვებასა და სიების ჩახსნას აანონსებს და ოპოზიციას ამ პროცედურას ერთობლივად, ერთსა იმავე დროს სთავაზობს, თუმცა მამუკა ხაზარაძის გუნდი არ უერთდება იმ ორი კოლეგა კოალიციის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეგისტრაციის გაუქმებაზე განცხადებას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა და სადაც უკვე რამდენიმე დღეა, ამტკიცებენ, რომ მანდატებზე უარის თქმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდეც შესაძლებელია.
გავრცელებულ განცხადებაში მამუკა ხაზარაძემ განმარტა როგორც საარჩევნო კოდექსის 120-ე, ასევე, კონსტიტუციის 39-ე მუხლი და განაცხადა, რომ მანდატების გაუქმება მხოლოდ პირველი სხდომის ანუ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ არის შესაძლებელი. მისივე თქმით, კოალიციის პოლიტსაბჭომ სადეპუტატო მანდატების ოფიციალურად დატოვების გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა.