“ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით, ბევრი პატარ-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ და, საერთო ჯამში, გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ვისსა და ვის შორის არის ეს ომი? – ძალიან მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ. ბატონ ირაკლის [კობახიძე], პირველ რიგში, ვეთანხმები იმაში, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი საქართველოს ინტერესებსა და გარე ინტერესებს შორის და, ამ შემთხვევაშიც, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა. მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, იმიტომ, რომ ეს ომი გრძელდება.
არავის ჩაუქნევია ხელი იმაზე, რომ გარე ინტერესები იყოს მძლავრად წარმოდგენილი ამ ქვეყანაში და საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ომში საბოლოოდ გამარჯვებას ვერ მივაღწევთ, თუ ოდნავ მაინც, რაღაც მომენტში მოვდუნდებით და ვიტყვით, რომ გავიმარჯვეთ და ხვალინდელი დღე ამით არის უზრუნველყოფილი. სამთავრობო პროგრამაც, ჩვენი თითოეული ნაბიჯიც უნდა იყოს მორგებული იმაზე, რომ საბოლოო გამარჯვებისათვის ვიზრუნოთ”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.