“ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს იმაზე, რომ დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს ერქმევა ქალი, და ეს ვერასდროს გახდება სასაცილო ამბავი. ეს ვერ გახდება ასაგდები ამბავი”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„სამწუხაროდ, მართლაც, 10-15 წლის წინ ამაზე რომ გველაპარაკა, შეიძლება ვიღაცას დაეცინა, – რა დროს ეს არისო, მაგრამ სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა. საბედნიეროდ, აშშ-ში ჩვენს შემდეგ ჩატარებულმა არჩევნებმა უზრუნველყო ის, რომ დღეს იქაც ასე საუბრობენ და იქაც, ამ მიდგომას ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებამ მისცა ლეგიტიმაცია.

ჩვენ გვაქვს სიამაყის საფუძველი არა მხოლოდ ღირსებასთან და მშვიდობასთან მიმართებით, – ერთი მთავარი კომპონენტი, რაც ჩვენს საარჩევნო სლოგანშიც აისახა, იყო კეთილდღეობა. 5-6 წლის წინ რომ გველაპარაკა იმაზე, რომ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეები ვიქნებოდით ეკონომიკური ზრდის პარამეტრით, ამასაც სასაცილოდ გახდიდნენ, მაგრამ დღეს ამაზე არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არამედ მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი ლაპარაკობენ, და ამაზე მეტყველებს ის ციფრები, რაც შესაბამისისი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე იდება.
მთავარი გამოწვევა, ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა.

ასევე, სიამაყის საფუძველია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეგვიძლია, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩამოვიდეთ 4%-იან ნიშნულზე. რაც მართლაც უტოპიური განცხადება იქნებოდა რამდენიმე წლის წინ, ახლა ამაზე თავისუფლად ვსაუბრობთ. ამის საფუძველს გვაძლევს ამ მიმართულებით მიმდინარე პოზიტიური დინამიკა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.