„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მორიგ ჯერზე გაკეთდა საჯარო განცხადება, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩვენი დელეგაცია, მმართველი გუნდი ყოველთვის პასუხისმგებლობით უდგებოდა ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს და ჩვენთვის ეს ყოველთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, – ასე ეხმაურება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის და საპარლამენტო ფრაქციებისთვის გაგზავნილ ოპოზიციური პარტიების წერილს, რომელშიც ისინი ითხოვენ, საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.
„რაც მთავარია, ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავენ, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის, სწორედ ამიტომ, სტრასბურგში დღეს არის მათი უპრეცედენტო მობილიზაცია. მათ ეშინიათ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ არგუმენტებზე და ევროპელ კოლეგებს მივაწვდით სწორედ არგუმენტებითა და ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას, იმ აბსურდული, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არსებული ინფორმაციისგან განსხვავებით, რომლითაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი უკვე სამი თვეა, არასწორი აღქმების შექმნას ცდილობს.
რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ, როგორ წარიმართება მოვლენები, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, საზოგადოება დავარწმუნოთ იმაში, რომ ქართული დელეგაცია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული. როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულში აქტიური მონაწილეობა და საქართველოს დელეგაცია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი წვლილით ამ ორგანიზაციაში, ასევე თვითონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციასთან ურთიერთობების გაგრძელება.
ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმა დიალოგისთვის, სხვადასხვა საკითხის განხილვისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანობაზე დაფუძნებული და იმ პრინციპებზე ორიენტირებული დიალოგი და განხილვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან გადაწყვეტილებას უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ, დღეს, როდესაც ჩვენ დებატების დროს კონკრეტული არგუმენტებით წარვდგებით ევროპელი კოლეგების წინაშე, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ეს იქნას შესაბამისად მიღებული და კონკრეტული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნებოდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.