„დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ცალკე განსახილველ საკითხს წარმოადგენს მონიტორინგის ანგარიში, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით იქნა მომზადებული და ამას მოჰყვება შესაბამისი დებატები. ჩვენს მხარეს არის აბსოლუტურად ყველა არგუმენტი“, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ყოფნისას.
„მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა მშვიდობის პარტიას, მმართველ გუნდს და მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით 800 000-ზე მეტი ხმა მივიღეთ. ჩვენს მხარეს არის ის არგუმენტი, რომ იყო იმაზე ბევრად ნაკლები, ორჯერ ნაკლები საჩივარი, ვიდრე 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ხარვეზები ბევრად ნაკლები იყო.
ჩვენს არგუმენტებს ამყარებს ის ფაქტი, რომ გამოძიებამ უცხოელი ექსპერტებისა და ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით დაადასტურა, რომ აპარატურა, რომელიც გამოყენებულ იქნა როგორც საიდენტიფიკაციოდ, ისე ხმის მისაცემის დროს, ვერ იქნებოდა გამოყენებული ერთი და იგივე პირადობის მოწმობის გამოყენების მცდელობის შემთხვევაში.
ჩვენს მხარეს არის ის არგუმენტი, რომ ოპოზიციის კომისიის წევრები 25 000-მდე იყვნენ 3 000-ზე მეტ საარჩევნო უბანში, მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 3 000-მდე წარმომადგენელი ჰყავდა. თითქმის ყველა მათგანმა ხელი მოაწერა იმ ოქმებს, რომლითაც შეჯამდა და დადასტურდა არჩევნების კონკრეტული შედეგები.
ჩვენს მხარეს არის ის არგუმენტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიზანმიმართულად არ გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები, მათ მოუწიათ იმის აღიარება, რომ პარალელური დათვლის შედეგები სრულ თავსებადობაშია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებთან. და არის უამრავი სხვა არგუმენტი, მათ შორის, ცილისმწამებლური განცხადებები თითქოსდა არჩევნების დროს მიმდინარე ხარვეზებთან დაკავშირებით.
პროკურატურამ კიდევ ერთხელ, ცალსახად დაადასტურა და თქვა, რომ 400-მდე ადამიანი მაგისტრი მოსამართლეების წინაშე იქნა გამოკითხული და არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. როგორც წესი, ისინი მესამე პირს ან მედია წყაროებს ეფუძნებოდნენ თავიანთ განცხადებებში და, რიგ შემთხვევებში, მათი განცხადებები პრევენციულ ხასიათს ატარებდა.
ყოველივე ეს და, რაც მთავარია, მთავარი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის – ეუთო/ოდირის დასკვნა მიუთითებს, რომ არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს უმაღლესი სტანდარტით ჩატარდა, იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული და, რაც მთავარია, იყო კონკურენტუნარიანი”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.