„როგორც აქამდე არ ტოვებდა სახელმწიფო ონკოპაციენტს ყურადღების მიღმა, ისევე გაგრძელდება, უბრალოდ, ამ ყურადღებას კიდევ ერთი ძალიან კარგი, პოზიტიური ამბავი – ახალი, 25 000-ლარიანი პაკეტი დაემატა, იმისათვის, რომ თავიდან, ვისაც რა დასჭირდება, ამ ფარგლებში იმკურნალონ, ხოლო შემდეგ, როგორც აქამდე იყო, ისე გაგრძელდება მათი მკურნალობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა სენსიტიური თემაა და 25 000-ლარიანი პაკეტი მათი დახმარების დამატებით რესურს წარმოადგენს.
„მას შემდეგ, რაც დამატებითი რესურსის სახით, ონკოპაციენტებისთვის საბაზისო 25 000- ლარიანი, ცალკე პაკეტი გამოიყო, ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს პოზიტიური და ძალიან კარგი ამბავი პირიქით შეატრიალონ, იქიდან გამომდინარე, რომ ონკოპაციენტებს სახელმწიფო აქამდეც ეხმარებოდა ამ 25 000- ლარიანი საბაზისო დამატებითი პაკეტის გარეშე. ანუ ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა (მე რაც ვიცი და რა ინფორმაციაც მაქვს), რომ 25 000-ლარიანი დახმარება არის ცალკე პაკეტად, რომლის ამოწურვის შემთხვევაში, სულ რომ არ იყოს პაკეტი, სახელმწიფო ისედაც ეხმარებოდა ონკოპაციენტებს და არც ერთ მათგანს არ ტოვებდა ყურადღების გარეშე, და დახმარება გაგრძელდება, – იქ არის რეფერალური ფონდები და ა.შ. დეტალურად, რა თქმა უნდა, ამის ჩამოთვლას მე ვერ დავიწყებ. როგორც ვიცი, ინდივიდუალურ განხილვას საჭიროებს შემდეგ და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში იწერებოდა განცხადება, შეისწავლებოდა თემა და ეხმარებოდნენ ხოლმე პაციენტებს. შესაბამისად, ვიღაცების მცდელობა ასეთ სენსიტიურ თემაზე… ამ ადამიანებს თავიანთი პრობლემები აქვთ… და თანამედროვე სამყაროში, მე მგონი, განუკურნებელი სენი არ არსებობს, მთავარია დროული პროფილაქტიკური სამედიცინო ღონისძიებები და ა.შ. და ამ ადამიანებს, ნაცვლად იმისა, რომ იმედი მივცეთ, შემოვუძახოთ (გვერდზე ისედაც ვუდგავართ – ფინანსურად, მორალურად, ყველანაირად), ამის ნაცვლად, ვიღაცები ამაზე პიარის აგორებას აპირებენ და ძალიან ვთხოვ ყველას, რომ დაანებონ ამ ხალხს თავი, ნუ მიაწვდიან არასწორ ინფორმაციას; მიაწოდონ სწორი ინფორმაცია. ჯანდაცვის სამინისტრო კომუნიკაციაში იქნება. დარწმუნებული ვარ, აუხსნიან დეტალურად და, ბუნებრივია, დახმარება როგორც აქამდე იყო, ისე გაგრძელდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.