საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-დელიში მიმდინარე მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობას განაგრძობს.
ინდოეთში საერთაშორისო კონფერენცია “Raisina Dialogue-ი” იმართება, რომელშიც მსოფლიო ლიდერები, დიპლომატები, ბიზნესლიდერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში კავკასიის რეგიონის, გეოპოლიტიკური დინამიკის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისა და ეკონომიკური ტენდენციების თემებზე გამართულ პანელურ დისკუსიებში სიტყვით გამოვა; ასევე, შეხვდება ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებს.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანია ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება.
აღნიშნულ პანელურ დისკუსიას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ტულსი გაბარდიც ესწრება. მასთან გასაუბრების შესაძლებლობა, როგორც პანელზე, ისე პანელური სესიის დასრულების შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს გუშინ მიეცა.
„ჩვენთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც აქვს ქვეყანას და იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რაც ასევე გააჩნია საქართველოს. ჩვენი მიზანია, რომ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს ათვისებული სწორედ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებით და საუკეთესო პარტნიორობის განვითარებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.