რუსთაველის ეროვნულ თეატრში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საიუბილეო საღამოზე დიდი ქართველი მსახიობისა და სპორტული კომენტატორის შემოქმედებიდან დასამახსოვრებელი ეპიზოდები გაცოცხლდა.
მაყურებელმა იხილა კადრები მსახიობის წარსულიდან და აქამდე უცნობი ისტორიები მოისმინა.
შესრულდა სიმღერები, რომლებიც მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა. წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული ნომრები.
ეროსი მანჯგალაძის შემოქმედება რობერტ სტურუამ გაიხსენა.
ეროსი მანჯგალაძემ მრავალი სახასიათო როლი შეასრულა ქართულ თეატრში და საინტერესო სახეები შექმნა კინოში.
მსახიობს დიდი წვლილი მიუძღვის ტელე და რადიოთეატრის (რომელიც ამჟამად მისი სახელობისაა) განვითარებაში.
სპორტულ რადიოჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისა და ტელესივრცეში თეატრის პოპულარიზაციისათვის ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრემიებია დაწესებული.
საღამოს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
საიუბილეო საღამოს რეჟისორი იყო თინათინ კორძაძე, მხატვარი – ანა ნინუა, კომპოზიტორი – დავით თავაძე, ქორეოგრაფი – გიგი ლორია, ვიდეორეჟისორი – გვანცა მეფარიშვილი.
მონაწილეობდნენ მსახიობები: მურმან ჯინორია, ნანა ფაჩუაშვილი, მარინა კახიანი, ნანული სარაჯიშვილი, ზურაბ ყიფშიძე, მომღერალი ნეკა სებისკვერაძე, „თეატრალურის კვარტეტი“.
საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.