პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი გამოეხმაურა FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია “Reformatics-მა” აშშ-ში ლობისტური კომპანია “Continental Strategy” დაიქირავა, რისთვისაც მას 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.
„ფაქტებით დასტურდება, რომ FARA-მ, ნიკა გილაურის სახით, კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი და მოაზროვნე პირი ამხილა. მან ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტულ სეგმენტს საქართველოსთან მიმართებით ცნობიერება აუმაღლოს. ანუ, ამ შემთხვევაში, გილაური ნახევარ მილიონზე მეტს იხდის იმისთვის, რომ ცალსახად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესი გაატაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ეს ფაქტი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში გახდა ცნობილი – როცა FARA-მ გაბედა და აღნიშნული მონაცემები გამოაქვეყნა. წინა ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ ვიცით, რომ პირდაპირ ხელს უწყობდნენ ასეთ ადამიანებს, რათა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ნარატივი გაეტარებინათ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ არსებულ საზოგადოებაში, – ანუ მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია საქართველოს ინტერესების და აქ მომდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ”, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.