„კითხვა მაქვს მართვის მოწმობის ხელახლა აღებასთან დაკავშირებით.

თქვენ ამბობთ, რომ პირს, რომელსაც ნარკოტიკული თრობის დროს ავტოსაშუალების მართვის გამო ჩამოართმევენ მართვის მოწმობას, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ახლიდან მოუწევს გამოცდის ჩაბარება მართვის მოწმობის ასაღებად. ეს რამდენად გამართლებულია და ხომ არ იზღუდება ასეთ შემთხვევაში პირის უფლებები?“ – ასე მიმართა საპარლამენტო ჯგუფ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკითხის მომხსენებელს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეს.

არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე მსჯელობა კიდევ შესაძლებელია მეორე მოსმენით საკითხის განხილვისას და, პრაქტიკულად, დაეთანხმა ეკა სეფაშვილს იმაში, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე რეგულაციები უნდა იყოს ჩადებული კანონში, რაც ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებულ რეგულაციებშია.