„შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება იქნება“, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, მკაცრად გაკონტროლდება შინაური ცხოველების გამრავლებაც.

„კანონზე საკმაოდ დიდი ხანი იმუშავა გარემოს დაცვის კომიტეტმა, მათ შორის, დედაქალაქის მერიასთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად. ეს არის ძალიან კომპლექსური კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანი იქნება შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება.

ასევე, ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაერო-ს ორგანიზაციასთან, „ფაოსთან“, რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად დაიწყება პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე, როგორც მიუსაფარ ძაღლთა მასშტაბური აღრიცხვა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში არსებობს სტერილიზაცია-კასტრაციის მასშტაბური პროგრამა, რომელიც უნდა გაძლიერდეს ამ პროექტის თანახმად, ეტაპობრივად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 მილიონ ლარზე მეტი უნდა იყოს გამოყოფილი ყველა მუნიციპალიტეტისთვის.
ქუჩაში გაგდებული და უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ასწრებს სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას. შესაბამისად, კანონის მიხედვით, რომლის რეგისტრაციის ვალდებულებაც დასრულდება 2025 წლის პირველ ივლისს, ამ ვადის შემდეგ, ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი მოხვდება ცხოვრების ციკლის განმავლობაში, ეს იქნება ვეტკლინიკა, საშენი, თავშესაფარი, სასტუმრო და ა.შ.,
ვალდებული იქნება, გადაამოწმოს ძაღლის რეგისტრაცია, რაც გააადვილებს იმ ადამიანის მიკვლევას, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო. ასევე, ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ძაღლის გამრავლების უფლება. ჩვენ, მეპატრონეები უნდა შევეჩვიოთ, რომ თუ არ ვაპირებთ ლეგალურად ძაღლის გამრავლებას ისე, რომ მოხდეს ლეკვების ან კნუტების რეგისტრაცია, ჩვენ ჩვენს ცხოველს უნდა გავუკეთოთ კასტრაცია-სტერილიზაცია“, – აღნიშნა ბითაძემ.