“2004-2005-2006 წლები ძალიან მნიშვნელოვანი წლები იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არსებული პოლიტიკის განსაზღვრისა თუ განხორციელების კუთხით.

ჩვენ ვიცით და დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ სამხედრო ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით ძალიან სერიოზული შეცდომები (რბილად ვამბობ) იყო დაშვებული მინისტრ ოქრუაშვილის მმართველობის პირობებში. ბატონი პაატა დავითაიაც ადასტურებდა წეღან, რომ არაფერი გაკეთებულა სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შემუშავების მიმართულებით”, – განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს – გრიგოლ ვაშაძეს.

“მიზანმიმართულად იდგმებოდა ნაბიჯები ყველა იმ ინიციატივის ჩასახშობად, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტგამოვლილ ხალხს შორის ნდობის აღდგენასა და გაძლიერებას. თანამდებობიდან იხსნებოდნენ ის მინისტრები და თანამდებობის პირები და საეჭვო ვითარებაში კვდებოდა პრემიერ-მინისტრი, რომლებიც ცნობილი იყვნენ სამშვიდობო რიტორიკით, სამშვიდობო ინიციატივებითა და მიდგომებით და ჩვენ ვხედავდით თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ დღეს ჩვენ წინაშე და პარტიის თავმჯდომარეც ბრძანდებოდით. იყო, თითქოს, ორი ფრთა: დიდი უმრავლესობა, რომელიც იარაღის ჟღარუნით იყო დაკავებული – გულწრფელად სწამდათ. ეს შედეგს მოიტანდა თუ არა, ამაზე, მოდით, დღეს ნუ ვიდავებთ. და მეორე – ძალიან პატარა ჯგუფი, რომელსაც გია ბარამიძემ ბევრჯერ ილუზია და სისულელე უწოდა, მორწმუნეობრივად მიილტვოდა იქით, რომ როგორმე იქნებ სამხედრო დაპირისპირების ნაცვლად, გავამრავლოთ ინიციატივები, არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც… მაგალითად, 1994 წლის შეთანხმების შინაარსი, როდესაც საქართველოს, რუსეთს და ყველას აეკრძალა დალის (კოდორის) ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა – რომ დაგვეცვა ეს შეთანხმებები და, როგორღაც, მივსულიყავით ერთმანეთთან შერიგებამდე, იარაღის გარეშე.

დოკუმენტურად ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება იმდროინდელი მმართველობის პერიოდთან. ის პირველი, ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც იარაღის ძალით დაბრუნებას ემხრობოდა და მიზანმიმართულად შლიდა ყველა სამშვიდობო ინიციატივას… ჩვენ გვახსოვს “ნაციონალური მოძრაობის”, თქვენი ყოფილი პარტიის შეკრებაც. თუ არ ვცდები, 2005 წელი იყო, სადაც პირდაპირ აიკრძალა აფხაზებთან თუ ოსებთან ყველანაირი შეხვედრა ევროპის დედაქალაქებში.

ვუბრუნდები კითხვას – რაც ახლა მოვყევი, ნაბიჯ-ნაბიჯ რაც ხდებოდა, თქვენ, როგორც მინისტრი, მინისტრის მოადგილე, როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო 2008 წლის 21 თებერვალი სწორედ ამის შედეგი?” – მიმართა თეა წულუკიანმა გრიგოლ ვაშაძეს.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო სხდომაზე დღეს განიხილავენ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს.

კომისიის წევრებმა უკვე მოუსმინეს პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წელს შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა და მიხეილ ქარელს, რომელიც 2004-2007 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა.