პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომს განიხილავენ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში – ზურაბ ნოღაიდელმა კომისიის წინაშე დასმულ კითხვებს უპასუხა. ნოღაიდელმა გაიხსენა მასსა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარი ერთ-ერთი კონფლიქტის მიზეზი.

„ჩვენ გვქონდა კამათი განცხადებებზე, რომლებიც სრულიად კონტრპროდუქტიული და არასაჭირო იყო. მაგრამ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი და ღრმა საკითხებიც იყო.

2006 წელს ოქრუაშვილის გადადგომას მოჰყვა ეს კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში და ჩვენ, ფაქტობრივად, ვიყავით შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც მოხერხდა. პრეზიდენტთან ჩხუბით მოგვარდა ეს ამბავი, დარწმუნებით.

ვხედავდი, რომ მიდიოდა მოძრაობა სერიოზული დაძაბულობისკენ. აქ საუბარია ძალიან მნიშვნელოვან კონფლიქტზე. ჩვენ ამ დროს ვიყავით ზღვარზე. მე იმიტომ ვადარებ ამ სიტუაციას 2008-თან, რომ ეს ყველაფერი თავიდან აცილებადი იყო და მაშინ იმ კონფლიქტის თავიდან აცილება მოხერხდა“, – განაცხადა ნოღაიდელმა.