„ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი რასაც ამბობს, არ ნიშნავს იმას, აუცილებლად სიმართლეა”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, სადაც საქართველოს დემოკრატიული განვითარება კრიტიკულადაა შეფასებული.

მაჭარაშვილმა თავისი პოზიციის განსამტკიცებლად ერთი მაგალითი მოიყვანა, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენების განსაზღვრას ეხება – „მოლოტოვის კოქტეილი“ გმირობის ჩადენის საშუალებაა თუ ტერორისტული აქტის განსახორციელებელი იარაღი.

„მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა, სახელწოდებით – „მე ვისროლე“. აქცია წაახალისა ევროსაბჭოს ერთ-ერთი ფონდის დაფინანსებით მოქმედმა ორგანიზაციამ. რადიკალებს სურდათ, გმირად შეერაცხათ ის პირი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციას ესროლა და მისი ცოცხლად დაწვა უნდოდა. ამავე დროს, ორი თუ სამი დღის წინ, შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის ტერორიზმი.

ახლა ჩვენ რომელს დავუჯეროთ – შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორს თუ ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებულ აქაურ „სირცხვილიას“ და სხვადასხვა არასამთავრობოებს, რომლებსაც ამერიკამ დაფინანსება შეუწყვიტა?

ამით იმის თქმა მინდა, რომ ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი რომ არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რასაც ამბობს, აუცილებლად სიმართლეა – იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველთვის სიმართლეს ვიტყვით. ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოლიტიკა სწორედ ეს არის და ამან გადაარჩინა საქართველო.

როდესაც სიმართლე ვთქვით, ამის მერე ხელისუფლებას მიეცა საშუალება, პრაგმატული პოლიტიკა ეწარმოებინა, რითაც შესაძლებელი გახადა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.