მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები კიდევ 721 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კიდევ 721 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადასცემს საცხოვრებელ ბინებს და სამოსახლო მიწის ნაკვეთებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მცხეთის, გორის, კასპის, ქარელის, ბორჯომის, წყალტუბოს, ხონის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

გადასაცემ ქონებაზე სააგენტოში შუამდგომლობა წარადგინა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შესაბამისად, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს ინიციირებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, საცხოვრებელი ფართები საკუთრების უფლებით მათ ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდეთ.

საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.

შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მათი როგორც საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ისე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – აღნიშნულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.