„ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამმა, თბილისის გარეშე, 4 მილიარდს გადააჭარბა. ეს, ერთი მხრივ, ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
“ამდენად, რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა უზრუნველყოფა იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც, საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილის სასესიო კვირაში მიიღებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, კანონის თანახმად, ეწურება უფლებამოსილების ვადა; მას აღარ ჰქონდა თანამდებობის ხელახლა დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და, კანონის მიღებისთანავე, ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას.
მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პარლამენტში წლების მანძილზე იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ზოგადად, მას აქვს რეგიონებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება. შესაბამისად, მისი მინისტრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას რეგიონული განვითარების ამოცანების შესრულებისას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ურთულესი გამოწვევების ფონზე, მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გასული 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შემდგომ განმტკიცებაში. დავაზუსტებ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქარსელაძე განაგრძობს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.