სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება.

„შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე, ანრი ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

“ანრი ოხანაშვილი არის სამართლის დოქტორი. მას სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას ზეგ, მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აქამდე სუსის უფროსის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა.

ანრი ოხანაშვილი არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი; სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი; საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული საპროკურორო საბჭოს წევრი.