2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაზარალებულმა, ლისის ტბის ყოფილმა მფლობელმა რამაზ ახვლედიანმა ისაუბრა.
„2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ჰოლანდიელი ბობ მეიერის მიერ შექმნილ შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა ჩემთვის ჩამორთმეული ქონებაც და ის, რაც იყო ლისის ტბაზე განკარგული. მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი პირობებით. იქ არც ლისის ტბის გადარჩენაზე და მის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე იყო ვალდებულება; ასევე, საბაგირო გვქონდა ვალდებულებაში, ნუცუბიძის პლატოდან ამოდიოდა ზემოთ და ესეც მოუხსნა. ანუ მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამარტივდა მათთვის ეს შემდგომი ბიზნესი და, გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, სატყეო ტერიტორიები მხოლოდ და მხოლოდ შეიძლებოდა -კანონი იყო ასეთი – განვითარებულიყო სარეკრეაციო მიზნით. როგორც ხედავთ, მაშინ მიეცა უფლება, რომ ბინათმშენებლობისთვის გამოეყენებინა, რასაც წარმატებით ახორციელებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს – ეს მისი საკითხებია; უბრალოდ, მე გამაღიზიანა ერთმა რამ – რომ 2012 წელს, როცა უკვე ეს ქონებაც გადაეცა, როცა ეს დაპირებებიც აღარ იყო საჭირო – “რამაზ, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ისევ შევძლებთ ერთად რამეს”… მისი წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ლიცენზია, რომელიც ტბაზე მქონდა (და გარემოს დაცვითი ნებართვა), გადამეცა კომპანიისთვის, რომელიც მათ შექმნეს და ის გააგრძელებდა შემდგომში მუშაობას. ეს გამიკვირდა და ვუთხარი: “მამუკა, რაც მქონდა, ყველაფერი წამართვეს, დამრჩა ერთი ეს ლიცენზია, რომლითაც აქ შემიძლია ვისარგებლო, ვითანამშრომლო და შემდგომ განვითარებაზე ვიფიქრო”. გაეცინა და მითხრა, – არა უშავსო, ჩვენებთან დაილაპარაკე და ნახეო. ამ დალაპარაკება- დალაპარაკებაში უკვე “მეილიც” კი მომივიდა შემდგომში: ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს და გთხოვთ, წარადგინოთ თქვენი დოკუმენტაცია გარემოს დაცვის სამინისტროში, რათა შემდგომში გადაეცეს სხვა კომპანიას“, – განაცხადა რამაზ ახვლედიანმა.