„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბიზნესმენის – რამაზ ახვლედიანის მონათხრობი შეაჯამა და მას სისტემური დანაშაულის მაგალითი უწოდა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი კომისიის მიზანი გახლავთ, რომ შევაფასოთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პერიოდი, ახლა უკვე იმის შემდგომიც, მაგრამ ამ შემთხვევაში, თქვენი მაგალითი წარმოადგენს მაშინდელ დროს და, როდესაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, თუ სად იყო სისტემური დანაშაული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს… გარდა იმისა, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ეს პირდაპირ აქვს ჩაწერილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო სისტემური დანაშაული… თქვენი მაგალითი, ამ შემთხვევაში, არის ერთ-ერთი კლასიკური სახე სისტემური დანაშაულის, რომელშიც ჩართული იყო ყველა – დაწყებული თავისუფალი პროფესიის ადამიანით – ნოტარიუსით, გაგრძელებული კერძო ბიზნესით – ხაზარაძის სახით; რომელშიც ჩართული იყო ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, მერია და სათავეში – პრეზიდენტი. აი, ეს არის კლასიკური მაგალითი, რაც ახლა საზოგადოებამ მოისმინა თქვენგან – მტკიცებულებებით გამყარებული საქმე; შესაბამისად, სწორედ ამიტომ, მსგავსი საქმე იქნებოდა, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგში, როდესაც მან ასევე დადო დასკვნა, რომ სისტემური დანაშაული იყო. ეს არის ერთ-ერთი კლასიკური სახე. ასევე, ბატონი ლეონიძის საქმე, რომელიც ქალბატონმა თეამ ახსენა – იქაც, სამწუხაროდ, მონაწილეობდნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე. იქაც, იმ შემთხვევაში, ფერები მოეწონათ, როგორც ბატონმა ლეონიძემ ბრძანა და იქაც ჩართულია ნოტარიუსი, კერძო ბიზნესი, ფინანსური, პროკურატურა და სათავეში – პრეზიდენტი. ბატონი ლეონიძის შემთხვევაში მან აღნიშნა, რომ პატიმარი რომ იყო, საერთოდ არ მოუკითხავს ხაზარაძეს – მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, პარტნიორები იყვნენ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.