“რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე: 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, გარე ძალა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს – იმიტომ, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს „დიფ სთეითი“, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა “კაგებე”.

მეთოდები არ შეცვლილა – საბჭოთა “კაგებეს” მეთოდებით მოქმედებს „დიფ სთეითი“ და, რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩვა. შესაბამისად, ჩვენ ორიენტირებულნი ვიქნებით სწორედ აქეთკენ, – რომ არავის მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვის საშუალება და პირიქით – მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების გაერთიანებისკენ. ჩვენ ვართ მთავრობა; ჩვენ ვართ, შესაბამისად, ყველას მთავრობა, ყველას ხელისუფლება და, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილს გარე დაკვეთით, ხელოვნურად თესავენ. ისინიც უნდა შემოვაბრუნოთ სწორი მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.