პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ ქობულეთში, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

„მადლობა ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ მთავარი მისიისთვის – ამ ქვეყანას დაებრუნებინა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ისინი სწორედ ამ სიყვარულისთვის იბრძოდნენ.

მე 9 აპრილის თაობა ვარ. 4 აპრილიდან 9 აპრილამდე ყველა წუთიც ზუსტად მახსოვს და შემდეგი პერიოდიც. ამიტომ, თუ გვინდა, პატივი ვცეთ ამ ადამიანების ხსოვნას და ამ ქვეყანას, მას იმ პერიოდის სიყვარული უნდა დავუბრუნოთ და არა ის სიძულვილი, რასაც დღეს, თუნდაც დედაქალაქში, 9 აპრილის ძეგლთან ვხედავთ. ამით, ამ ქვეყანას ვერ მოვუტანთ მომავალს. ეს მომავალი იმ ახალგაზრდა თაობის ხელშია, ვინც დღეს აქ ამ ისტორიის გასახსენებლად მოვიდა.

ჩვენს თაობას შეუძლია, გადასცეს ის მუხტი, რაც მაშინ იყო და მთავარი იდეა – ქვეყნის დამოუკიდებლობა, და არა ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი ერთი ცენტრიდან სხვა ცენტრს გადავაბაროთ. უნდა დავიჯეროთ: მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ შეგვიძლია, როგორც დიდი ილია იტყოდა – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“. ჩვენ ამის ძალაც გვაქვს, უნარიც და შნოც, ოღონდ, ამას შევძლებთ ერთმანეთის პატივისცემითა და სიყვარულით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის გონიერება ამ ქვეყანას აქამდე მიიყვანს“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.