„ეს ის პარტიაა (ქართული ოცნება), რომელმაც წლების წინ კონსტიტუციაში ასახა სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ბრიუსელი ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, მის შიდა პოლიტიკაში ჩარევის მეშვეობით და სურს ისევ ჩაითრიოს საქართველო ხანგრძლივ და მსხვილ კონფლიქტში რუსეთთან“, – წერს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, პროფესორი ჰარალდ ვეიელი სტატიაში.
მისი თქმით, 2025 წლის 8 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის დარღვევაში დასდო ბრალი. მიზეზად სახელდება საქართველოს კურსის შეცვლა და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნასთან დაკავშირებით.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც აშშ-ში დიდი ხანია არსებობს და რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა აუცილებელი რეგისტრაცია უნდა გაიარონ, რათა მათი საქმიანობა გამჭვირვალე იყოს.
„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ ცნობენ არჩეულ მთავრობას და პარლამენტს და აგრძელებენ არეულობის მოწყობას თბილისში ბრიუსელის მხარდაჭერით“, – ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭო, ჯერ კიდევ 2022 წლამდე, „ავანტიურული ჩარევების, ერთმხრივი განცხადებებისა და სანქციების დაწესების კატალიზატორად იქცა“ გარკვეული წევრი-სახელმწიფოების მიმართ, რომლებსაც შემდგომ შესაბამისად ექცევიან ევროკავშირი და ნატო.