“აბსოლუტურად ყველა ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას (20 ივნისის) ოპერაციის მართვისას და ყველაფრის გამოყენებაზე, იღებდით თქვენ, მათ შორის – ტყვიების გამოყენებაზე”, – განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხობს.
„ახლა ამბობთ, რომ ეს კონკრეტული ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და, მაპატიეთ, ასე უნდა ვთქვა, ვინაიდან სხვა არაფერი მომხდარა ამ წუთში, გარდა იმისა, რომ თქვენ დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე მათ ითავხედეს და თვალები დასთხარეს ვიღაცებს. ან ასე იყო, ან ასე არ იყო – თქვენ უნდა თქვათ, მაგრამ პოლიციელებს დააბრალეთ და, ამ დროს, ინტერვიუში ყველგან ამბობთ, – მე გავეცი ეს ბრძანება და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო. მე პირადად, ვეღარ გავიგე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.