“აბსოლუტურად არ გეთანხმებით, რომ ეს იყო დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. პირიქით, ეს იყო კარგად ნაფიქრი დავალების შესრულება, რომლის მიზანი იყო სამხედრო ესკალაცია. ეს არავის უნდა გამოგვრჩეს”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეკითხვას – იყო თუ არა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის, ამჟამად ოპოზიციონერი გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანას საგუშაგოს აგება დაუფიქრებელი გადაწყვეტილება.
„მიზანი ამ ნაბიჯისა იყო სამხედრო ესკალაცია. როდესაც შენ ჩუმად დგამ ისეთ ნაბიჯებს, რომელსაც ყველას – მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფორმალურადაც, რეალურადაც და პრაქტიკულადაც საქმის კურსში ჩაყენება, უსაფრთხოების სამსახურების საქმის კურსში ჩაყენება სჭირდება და თვითნებურად, დავალების შესაბამისად, პოსტს, საგუშაგოს აშენებ ისე, რომ ზუსტად გაქვს გათვითცნობიერებული, იმ შემთხვევაში ასეთ მოქმედებას რა შეიძლება მოჰყვეს… რაც მოჰყვა, მხოლოდ ის კი არ იყო მიზანი, – მოჰყვა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც 2012 წლის შემდეგ, საოკუპაციო ხაზმა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიღრმეში შემოიწია… მაგრამ მიზანი გახლდათ სამხედრო ესკალაცია და მაშინაც გადავრჩით ძალიან დიდ უბედურებას.
გუშინ იყო გახარიას მხილების დღე. ლუსტრაციის კანონი და მსგავსი საკითხების გადაწყვეტა აღარ სჭირდება. გახარია იქნა სრულად გაშიშვლებული როგორც აგენტი. ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდია, შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე ეპიზოდი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მის აგენტურულ საქმიანობაში, როდესაც მან მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯი, რომ მომხდარიყო სამხედრო ესკალაცია და ამას გადავრჩით, მაგრამ, შედეგად მაინც უდიდესი ნეგატივი მივიღეთ, როდესაც საოკუპაციო ხაზის აქეთ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაში შემოიწია საოკუპაციო საზღვარმა, რაც სხვა შემთხვევებში არ ფიქსირდება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.