“ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე – სამართლებრივი, და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას არ გამოუვა იმ პოზიციის დაკავება, რასაც დღეს ცდილობს, რადგან ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს.
“ნიკა გვარამია მთელი თავისი ცხოვრება „ნაციონალური მოძრაობის“ არა მხოლოდ სახე იყო, არამედ შემოქმედი იმ ბოროტებების, რასაც სჩადიოდა „ნაცმოძრაობა“. დღეს, ისიც კი ცდილობს, რომ დაიკავოს ეს ფსევდოშუაშისტური პოზიცია, თუმცა ხალხი ბრძენია, მისი მოტყუება ასე ადვილად ვერ მოხერხდება და ყველას თავის სახელს დაარქმევს. ეს რადიკალები ამ ნიშას ვერ დაიკავებენ.
ჩვენ – „ხალხის ძალა“ ისევ და ისევ კატეგორიულად ვითხოვთ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში უნდა დადგეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გასამართლების საკითხი და ეს აუცილებლად ასე მოხდება. აუცილებლად, სისტემურად უნდა შეფასდეს ის დანაშაულები, რომლებიც მათ აქვთ ჩადენილი სამშობლოს წინაშე, სამშობლოს ღალატიდან დაწყებული (რისი შედეგიც იყო 2008 წლის ომი, მშვიდობიანი მოსახლეობის დატოვება და მსხვერპლი), ასევე, ის სისტემური დანაშაული, რომელიც გასულ წელს საქმეში – „აკაკი ოჩიგავას საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ აღიარა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.