პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება და შვეიცარელი ექსპერტების დასკვნას ასაჯაროებს.
როგორც დეპუტატი განმარტავს, ასეთი მასშტაბური სტიქიის გამომწვევი მიზეზი იყო კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარის ინტენსიური დნობა, რამაც კლდე-ზვავის ჩამოშლა და ხეობაში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.
„ამბობდნენ, თითქოს, სტიქიის მიზეზი ტყის უკანონო ჭრა გახდა. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნაში ხე-ტყის უკანონო ჭრა სტიქიის გამომწვევ მიზეზად არ სახელდება.
ამბობდნენ, თითქოს, კაპიტალური დამცავი ნაგებობა რომ ყოფილიყო, შეაკავებდა მეწყერს და ღვარცოფს, ამასთანავე, არ ექნებოდა ასეთი დამანგრეველი შედეგები. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, მსგავსი ტიპის ხეობებში კაპიტალური დამცავი ნაგებობების მშენებლობა ასეთი მასშტაბის სტიქიურ პროცესებს ვერ შეაკავებდა.
ამ დროისთვის, მსოფლიოში, ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად საუკეთესო და ყველაზე ეფექტიან გზას ტერიტორიის სწორი სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს.
ამბობდნენ, თითქოს, განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში შეიძლებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება. სინამდვილეში, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე განგაშის სისტემების არსებობის შემთხვევაშიც კი, გაფრთხილების დრო იმდენად მცირეა, რომ არათუ სტიქიის ზონიდან, არამედ მიმდებარე დასახლებებიდანაც კი მოსახლეობის დროული ევაკუაცია, ხშირ შემთხვევაში, თეორიულადაც კი შეუძლებელია.
შესაბამისად, მსგავსი მასშტაბის, კომპლექსური სტიქიური მოვლენის შესახებ ადრეული გაფრთხილების – განგაშის სისტემის მოწყობა, სტიქიის სწრაფად განვითარების გამო, ვერ უზრუნველყოფდა ეფექტიან ადრეულ გაფრთხილებასა და საფრთხეების თავიდან აცილებას.
კომპლექსური ხასიათის, სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, რასაც საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურებენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ამასთან, როგორც ბითაძემ აღნიშნა, შვეიცარიელი ექსპერტების მიერ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაიცა:
„უკანასკნელ წლებში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კომპლექსური სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, მყინვარულ ხეობებში ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება, რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება. შესაძლებელია დეტალური კვლევების საფუძველზე, ცალკეულ შემთხვევაში მონიტორინგისა და გაფრთხილების კომპლექსური სისტემების გამოყენებაც; მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება; მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები“, – განაცხადა ბითაძემ.