საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმაურება.

“შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით გაკეთებულმა დასკვნამ ცხადყო, რომ სტრუქტურების წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით”, – აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიცია ბუნებრივ მოვლენებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.

„ადამიანები, რომლებსაც თითი თითზე არ დაუდევთ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, რათა ეს პრობლემები მოგვარებულიყო და რომლებისგანაც ჩვენ გადმოვიბარეთ აბსოლუტურად გაჩანაგებული სისტემა! რაც შეეხება ამ სტიქიის გათვლას, სამწუხაროდ, მისი გათვლა დროსა და სივრცეში, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.