„ჩვენ ვხედავთ, რომ ლგბტ თემით სპეკულაცია საქართველოში მუდმივად ხორციელდება და ეს, გარკვეულწილად, გამოიყენება საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი დაძაბვისათვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოზე თავსმოხვეული როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური ნიშნით გამამწვავებელი საკითხი“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, კონსტიტუციით დაცულია ყველას, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების უფლება.

„აქედან გამომდინარე, კონსტიტუციურადაც დარეგულირებულია ყველაფერი. დანარჩენი არის პროპაგანდა იმ ცხოვრების წესისა, რომელიც არ არის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის დამახასიათებელი და, ამავე დროს, გამოიყენება სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის შემოსატანად. აქედან გამომდინარე, მართლაც გასაკვირია, რატომ ხდება საქართველოში ასეთი თემებით დაჟინებით შემოჭრა.

მსგავსი შინაარსის ღონისძიებების სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების მხრიდან დაფინანსება იმაზე მიუთითებს, რომ ლგბტ თემის აქტუალიზაცია საქართველოს გარედან ხდება.

საქართველოს შიგნით ამ თემის აქტუალიზაციის მომხრე და მოსურნე არავინ არის; ამ თემების აქტუალიზაცია სწორედ გარედან ხდება. რა თქმა უნდა, დაფინანსება სჭირდება ამ საქმეს და აფინანსებენ”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.