„ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არის პირნათელი (მათივე შეფასებებით), მათ შორის ჩვენი შრომით და ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად (ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე ათეულობით ჯარისკაცს ჯანმრთელობა დაუზიანდა)“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნები იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი გაზარდონ, საქართველოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი კი იბრძვის იმისთვის, რომ სუვერენიტეტი შეილახოს.
„პრობლემა იცით რა არის? მათ სურდათ ქართული საზოგადოება შეეგუებინათ იმისთვის, რომ მთავარია სტრატეგიული პარტნიორი რას იტყვის და იმის იქეთ, არ უნდა განსაჯო ის თუ რა მოქმედებას აწარმოებს.
30 წელია ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა არ არსებობს; სამწუხაროდ, ვერ შევძელით პირდაპირი ფრენები. ეს ყველაფერი ხომ ურთიერთობაა. თუ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება ძირითადი ნაბიჯები მათ შორის, არც ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით და ა.შ. ეს როგორი დამოკიდებულებაა? სტრატეგიული ურთიერთობაა, თუ უფრო ვასალურ დამოკიდებულებას წააგავს.
ჩვენ, ზედმეტად თავს არავის ვესხმით და არც პიროვნული პრობლემები არ გაგვაჩნია. მაგრამ, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ არის გადმოდგმული ნაბიჯები და აღიქვამენ საქართველოს, როგორც კოლონიას – ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია.
რატომღაც, გარკვეულ წრეებში გაჩნდა აზრი, ეს ხომ არ არის ურთიერთობის გადახედვა. იმის საშიშროებას და რისკს რატომ ვერ ხედავენ, რომ ამით საქართველოს სუვერენიტეტი ილახება?
ქვეყნები იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი გაზარდონ, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილი კი იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეილახოს. წარმოიდგინეთ, ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის საელჩოებმა დაგვინიშნონ მოსამართლეები, სხვა ქვეყნიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ დაგვინიშნონ მთავრობის წევრები და პარლამენტში კანონების წერა გვიკარნახონ? ეს უნდათ ზუსტად. ჩვენი სუვერენიტეტი ხომ ამით ილახება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ნებისმიერ ისეთ ურთიერთობას გადავხედავთ, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.