საქართველოსა და აშშ შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღებახალხის ძალისერთერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.

მან ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს მხრიდან პირნათლად სრულდება. როგორც სუბარმა აღნიშნა, იგივე დამოკიდებულება არ ჩანს აშშ-ს მხრიდან.

“სტრატეგიული პარტნიორობა, ბუნებრივია, ორმხრივ ვალდებულებებს გულისხმობს და ამ შემთხვევაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო არის პირნათელი თავისი ვალდებულებების შესრულებაში. მარტო ის ფაქტი, რომ ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო მისია იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის და ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი, ვიდრე ნატოს წევრ ქვეყნების უმრავლესობის მისიები (მთლიანობაში, ჩვენი კონტინგენტი რიცხოვნობით მესამე იყო და ათასამდე ჯარისკაცს ითვლიდა. ეს მაშინ, როცა ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას ან ოცეული ჰყავდა გაგზავნილი, ან მხოლოდ სადამკვირვებლო მისიით იფარგლებოდა), გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას ამ სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ. იგივე შეიძლება ვთქვათ ჩვენს წვლილზე ერაყის ოპერაციაში, კოსოვოს მისიაში და ყველგან, სადაც ამის საჭიროება იყო და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთება მოითხოვდა

იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა სფეროებზეცამერიკის მოქალაქეს შეუძლია, არა მხოლოდ უვიზოდ, არამედ ლამის ნებისმიერი საბუთით, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს აქ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროდ მიაჩნია. შესაბამის ნაბიჯებს ვერ ვხედავთ მეორე მხრიდან. არადა, ეს ნაბიჯები აშშსთვის არ არის რთული არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად. უბრალოდ, ნება უნდა არსებობდეს და უნდა დაგინახონ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი.

იმაზე კი არ გვაქვს საუბარი, უვიზო მიმოსვლა რატომ არ გვაქვს, თუმცა, ესეც ძალიან კარგი იქნებოდა, უბრალოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნები რომ ავიღოთ, სომხეთში, აზერბაიჯანში, თვით რუსეთშიც კი, რომელთანაც ასეთი დაძაბული ურთიერთობა აქვს აშშ, ვიზების მოთხოვნაზე შეტანილი განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი სამჯერ მაღალია, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში. უბრალოდ, გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება, თავისუფალ ვაჭრობაზე რომ არაფერი ვთქვათ – 20 წელია ამაზე მიდის მსჯელობა და არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით, მაშინ როცა მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ჩინეთმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაჭრა ორივე საკითხი,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.